Tuesday, March 13, 2018

იმედი




იმედის გარეშე ამქვეყნად ადამიანი არ არსებობს. ყველა ადამიანი იმედოვნებს. იმედოვნებენ ვიდრე ცოცხლები არიან. რა არის იმედი და საიდან ჩნდება ის? _ იმედი ჩნდება კაცისა და ღმერთის ურთიერთობაში, იმ მიზეზით რომ ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს. ცხადია, ღმერთი ყველგან არის, არსებობს ყველასთვის სამყაროში და იცავს მის მიერ შექმნილ ქყვეყნიერებას.
ყველა კაცის იმედი ეფუძნება ქმნილ სინამდვილეს და უძლურია გასცდეს სიკვდილის საზღვრებს. ქრისტიანული იმედი ეფუძნება ღმერთის უქმნელ საჩუქარს, ძღვენს, რომელიც ქრისტეს მიერ ენიჭება ადამიანებს. ამიტომაც გადადის, სცდება სიკვდილის საზღვრებს და წინაურდება ჭეშმარიტ სიცოცხლეში. ამ კრიტერიუმით პავლე მოციქული გამოარჩევს იმედით სავსე ქრისტიანებს, რომლებიც განსხვავდებიან მათგან,  რომელთაც არა აქუს სასოებაი(1თეს.4,13./ეფ.2,12).
საფუძვლიანი იმედი სიცოცხლეში ღმერთისადმი ნდობით არის ნასაზრდოები. აზრი და მიზანი ამქვეყნიური ცხოვრებისა მდგომარეობს ღმერთში. სამყარო, რომელიც წყვეტს ადამიანს ღმერთისგან, იმავდროულად წყვეტს ცხოვრების აზრისა და მიზნისგან. იმედით კი ადამიანი დგას მყარად და სტაბილურად. როგორც შენიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი: ღმერთის იმედით ყველაფერი გვარდება.
ქრისტიანი, ღმრთის იმედით გვერდს უვლის დროებითს და წარმავალს და მიემართება მარადიულისკენ, ამ გზით იმარჯვებს სამყაროში არსებულ სირთულეებზე და დაბრკოლებებზე და მონაწილეობს საღმრთო მეუფების სიხარულში. როდესაც ეს იმედი მთავრობს გულში მაშინ ხდება ლოცვა. იმედი აცოცხლებს ქრისტეს აღდგომაში თანამონაწილეობას, რომელიც ცხოვრებას ახალ შინაარსს აძლევს. ქრისტეს აღდგომის რწმენა ქრისტიანული ქადაგების არსს წარმოადგენს, ხოლო ადამიანის მონაწილეობა მასში საშუალებაა ამ რწმენის განხორციელებისთვის.
იმედი უწყვეტად უკავშირდება და ემყარება რწმენას. იმავდროულად იმედი აძლიერებს და აცოცხლებს რწმენას. ხოლო არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა. (ებრ.11,1).
როგორც რწმენა ასევე იმედი ქრისტიანისა უკავშირდება ქრისტეს. ქრისტე კი ჩვეულებრივ არ ხასითდება როგორც რწმენა, არამედ როგორც იმედი ქრისტიანეთა. უფლისა იესუ ქრისტეს, სასოებისა ჩუენისაითა“.  (1ტიმ.1,1). 
ასე ხდება რადგან სისრულე ქრისტიანული ცხოვრებისა მომავლში სრულდება, მომავალს მიემართება.
თუკი ქრისტიანის ცხოვრება არ ემყარება მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, მაშინ, როგორც პავლე მოციქული ამბობს:
უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთაისა ვართ. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. (თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველი.) (1კორ. 15,19-20).
იმედი ორგანულად უკავშირდება სიყვარულს. საფუძველი მისი არის ღმერთის სიყვარული, რომელშიც მონაწილეობს მორწმუნე სულიწმიდის მადლით:
ხოლო სასოებამან არა არცხვინის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაი განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.  (ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, რადგან ღმრთის სიყუარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.) (რომ.5,5).
ღმერთის სიყვარული იწვევს ადამიანს საპასუხო სიყვარულისკენ. ეს საპასუხო სიყვარული რომელიც იბადება რწმენით, იზრდება იმედით. რამდენადაც იზრდება, ძლიერდება იმედი ღმერთისამი, იმდენად იერდება სიყვარული მისადმი. ღმერთისადმი სიყვარულიდან იწყება ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი.
სიმტკიცეს იმედში თან სდევს განწმენდა და კურთხევა. ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაი ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თვისი, ვითარცა იგი წმიდა არს. (ყოველმა, ვისაც მასზე აქვს სასოება, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.) (1ინ.3,3).
ის ვისაც იმედი აქვს ღმერთისა და სურს რომ მას მიუახლოვდეს, მიილტვის სიწმინდისაკენ და სათნოებებში რჩება. სათნოებების მიზანს კი წარმოადგენს ცნობიერი სწრაფვა იმედის სიმტკიცეში. ძირითადი მახასიათებელი ადამიანის სიწმინდისა არის ღმრთის შიში, რომელიც სხვაგვარად წარმოადგენს საწყისს ყოველი სათნოებისა. უმაღლესი სათნოება სიყვარულისა კი, რომელიც მოიცავს იმედს, იბადება ჯანსაღი შიშისგან და საბოლოოდ ჯობნის და აუჩინარებს შიშს. (სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი).
ადამიანს, ცხოვრების სწორი განსაზღვრისათვის, ცხოვრების მოწესრიგებისათვის, სჭირდება გამბედაობა. ესეც  ერთ-ერთ ქრისტიანულ სათნოებას წარმოადგენს. იგივე ქრისტე მოუწოდებს მორწმუნეებს რომ ჰქონდეთ გამბედაობა და სწამდეთ გამრჯვებისა სამყაროზე, სოფელზე, რომელიც მან, ქრისტემ უპირველესად აღასრულა როგორც კაცმა:
ამას გეტყოდე თქუენ, რაითა მამაი ჩემი ჩემ თანა არს. ამას გეტყოდე თქუენ, რაითა ჩემ თანა მშვიდობაი გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“. (ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით: მე ვძლიე სოფელს.) (ინ.16,33).
გამბედაობის გარეშე არ მიიღწევა გამარჯვება სულიერ ბრძოლაში, როგორც ასევე სხვა ნებისმიერ ბრძოლაში. სიმხდალე, ლაჩრობა და გაუბედაობა უძღვის კაცს გაორებისა და უიმედობისკენ.
იმედს სჭირდება მოთმინება. ეს ძალაშია ნებისმიერი იმედისთვის, რომელიც გვირგვინდება ქრისტიანული იმედით, რომელიც: ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით. (რომ.8,25).
სხვაგვარად, ერთ-ერთი უძირითადესი ნიშანი ქრისტიანისა ეს არის მოთმინება ცხოვრების სიძნელეებში.
აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაი, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაი, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა(ებრ.12,1).
და აქ არის უმთავრესი კრიტიკული მომენტი. დღეს ადამიანი შორდება და გაურბის მოთმინებას. არ სურს რომ მოითმინოს, არც სურს რომ ხშირად ახსოვდეს. ყველაფერი სურს ადვილად და მალე. მისი კავშირი წარსულთან ხდება უბრალო რომანტიკით დაკავება და მისი კავშირი მომავალთან კი ხანმოკლე კეთილდღეობა. ამიტომაც ანგრევს წარსულს, არ აინტერესებს მომავალი და ცდილობს რომ შექმნას ფართო და ნათელი აწმყო.
ადამიანის იმედი, რომელიც დაუკავშირდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას მეოცე საუკუნეში, გაწყვიტა მისი ინტერესი აწმყოსთან და ყველაფერი დაუკავშირა მომავალს, სადაც იმედოვნებდა ყველა არსებული პრობლემის გადაწყვეტას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. რაზეც იმედოვნებდა ადამიანი, დაიწყეს იმედის გაცრუება. ადამიანი გრძნობს, რომ არის გამოუვალ მდგომარეობაში. გადაშვებულს ქვეყნიურ ცხოვრებაში არ შეუძლია, იმედი ჰქონდეს, ან მას უყურებს როგორც მტანჯველ ძალას და სურს მისგან გათავისუფლდეს. მაგრამ, იმედის დამარცხების დროს ადამიანი ვარდება უიმედობაში.
უიმედობა ეკლესიის სწავლებაში განიმარტება როგორც დემონური ძალა, განწყობა, რომელიც განადგურებისკენ უძღვის ადამიანს. ის ცნობილია ეშმაკისთვის. მას სწამს: ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწნიან მისგან(იაკ.2,19). მაგრამ არა აქვს იმედი. უიმედობა არის გაგრძელება ღმერთისგან დაშორებისა. არსებობს იმედიანი უიმედობაც. ქრისტიანი, რომელიც ხედავს თავის მდგომარეობას, რომლისკენაც უწინამძღვრა ცოდვამ, მაგრამ ამავე დროს ხედავს მის შეზღუდულ ძალებს, უიმედოდ ეწყობა საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ არ ჩერდება აქ, არც კლავს იმედს და იმედი აქვს ღმერთისა. ეს იმედი კი ბადებს სინანულს და გამოდის ნელ ნელა უიმედობიდან. ამდენად საკუთარი თავისადმი უიმედობა გადადის სინანულში და ღმერთის იმედში. ნიშანდობლივია რომ ყოვლადწმიდა იწოდება იმედად სასოწარკვეთილთა და არა იმედიანთა. ისინი, რომლებიც საკუთარი თავის იმედად არიან, განწირულები არიან უიმედობისკენ, სასოწარკვეთილებისკენ. ისინი კი, რომლებიც უიმედოდ არიან საკუთარი თავის მიმართ, შეუძლიათ იპოვონ, ნამდვილი, უტყუარი, ჭეშმარიტი იმედი. იმედი, რომელიც ემყარება ყოვლადწმიდასა და ქრისტეს რწმენას.
            წმიდა სილუანი ამბობს: შენს გონებაში გქონდეს ჯოჯოხეთის ხსოვნა და ნუ ჩავარდები უიმედობაში. ადამიანს უიმედობის განცდა ამსხვრევს და ანადგურებს. და ჯოჯოხეთის ხსოვნა კი გონებაში ადვილად უძღვის უიმედობისკენ. სიყვარულის ხსოვნა და ღმერთის სახიერება, სულგრძელება არ ტოვებს მას, რომ სასოწრკვეთილი დარჩეს. უიმედოა საკუთარი მესგან. მაგრამ ცდილობს, გადარჩეს, ვიდრე მისგან იქნება განადგურებული. ასე, ღმერთის განკითხვის აწონ-დაწონვით ადამიანი აქრობს ვნებებს და ბოროტ ზრახვებს, არის მხნედ და აქვს იმედი საღმრთო კაცთმოყვარეობისა.


ლევან ბუკია