Tuesday, May 16, 2017

ილია ჭავჭავაძე “სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე”


«ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.

«თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბღერტაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული. მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს. ეს მდიდარი, პატარძალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავ-ძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლის-მღვრელი, — მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ.

«იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცითსაიდამ რა ამოვიღოთ, რა ხერხით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფევიც ბლომად. აკი ვამბობთ, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრისა, რაც თქვენისავე სიტყვით, თითონ ღონესაცა სჯობია, რაც ძლიერს მკლავს ხერხიანად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობითუფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო.

«მაგისთანა ღვთისნიერს წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან. უამისოდ დედამიწა თავის უხვს და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს, რამოდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, საცა ცოდნა აქვს ხალხსა, ოთხის დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცის დღის პატრონი ვერა სცხოვრობს. რათა? განა იმითი, რომ ისინი მკლავ-ძარღვით ჩვენა გვჯობიან!? არა, იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან. „ხერხი სჯობია ღონესაო“, — თქვენგანვე თქმულა და მართალიც არის.

«ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
«ღონიერი და ჭირთა-მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია. „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“, თქვენგანვე მაქვს გაგონილი და დასწავლული. მართალიც არის: კაცი სხვის მარგეც უნდა იყოს და თავისთავისაც. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.

«ეგ თქვენ თითონაც კარგად იცით. თქვენ თითონ ყოველდღე ჰხედავთ, რომ ეგ ეგრეა. ალოში გუთნის-დედას მეტს არგუნებთ ხოლმე, ვიდრე მეხრესა. რათა? იმიტომ რომ გუთნის-დედამცოდნეა და მეხრე კი არა. ურმის-მკეთებელი უფრო მეტადა ჰღირს მოჯამაგირედ რომ დგება, ვიდრე უბრალო მუშაკაცი, თუნდაც ერთი-ორად იმაზედ მეტი იყოს მკლავითაც და ჯანითაც. რათა? კიდევ იმიტომ, რომ ურმის ხელოსანი მცოდნე კაცია და უბრალო მუშა კი არა.

«ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრეა მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულს სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.


«სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელაში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს, იქ სინათლეა, — სჩანს ჰღვიძავთო, და დაგვიანებულს მოყვარეს კი ახარებს კიდევ იმით, რომ იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.

«სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე; ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის-დღეში არა: მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდამ შვილის-შვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.

«ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თითონ ღმერთი, — ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დააშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდისა.

«ახლა სად არის ეგ კარი? როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს? გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი მარტო თავისის თაოსნობით, დაუღალავის მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელს საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვარიშვილია, ის აკვანიაი ის პატარა შენობაა, რომელიც ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან.


«აი, სად და ვისის ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი, ამ პატარა სახლიდამ გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყოველგან გამარჯვებული ფარ ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ.

Monday, March 27, 2017

ვაჟა-ფშაველა - კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი



ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში
ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.
ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად.
მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლომთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირითვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბებავეფხისტყაოსნითდა ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? – არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება
მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.
პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძესაზრდოდ, ნანამოსასვენებლად.
ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა.
ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, – ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ
პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი.
კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.
ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს.
ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.
1905 .