Tuesday, October 9, 2018

"აკვანი"


დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად... ჩემი პატარა ნატვრისთვალი დაიბადა. როგორც იქნა, ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში... მე, ბაბუა, ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ... წესიერად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე... სათვალეც კი არ მიშველის, ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო... მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს დავწერ, ბაბუ... მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები... შენ სანამ მიხვდები, რომ ბაბუაშენს კარგად წერა-კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს. მერე კი... მერე რად გინდა, ბაბუ, ჩემი ზღაპრები... თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები...
მანამდე მე შეგაყვარებ ჩვენს დალოცვილ სოფელს... ჩვენს ანკარა წყაროებს... ჩვენს ბებერ მურას და ჩირივით ჩამომხმარ ბებოსაც კი... რომელსაც დღესაც ნინიკელას ვუძახი, თითქოს ის პატარა გოგო იყოს, მე რომ პირველად ვნახე... შენ შეიძლება ისეთი კარგი გოგო დადგე, დაჩაჩანაკებულ ბებრებს წყალს არ გვაკლებდე, დაკარგულ ჯოხს მოგვირბენინებდე და მურას ყეფაზე გარეთ ჩემს ნაცვლად გახედავდე სტუმარს... შეიძლება ისეთი კარგიც იყო, რომ ბაბუს თუთუნიც ამოურბენინო სოფლის კენკელა მაღაზიიდან... მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არც ერთი ამ საქმეთაგანი არ დაივალო... შენ მაინც ბაბულიას გოგო იქნები... თვალხატულა და ჰაერივით სიფრიფანა...
ახლა
ასევე დაგაინტერესებთ
”გთხოვ, დაუბრუნდი შენს პატარას... სანამ სიტყვა დედა უსწავლია” - ბავშვთა სახლის მომვლელის წერილი ანდრიას დედას
”გთხოვ, დაუბრუნდი შენს პატარას... სანამ სიტყვა დედა უსწავლია” - ბავშვთა სახლის მომვლელის წერილი ანდრიას დედას
შენს სიცხიან ქალაქში მოვდივარ, ბაბუ... თან მომაქვს შენი პატარა ჩიტებით მოხატული აკვანი... ეს აკვანი საგანგებოდ შენთვის შევარჩიე... წესიერად თვლა რომ ვიცოდე, დავთვლიდი კიდეც, ბაბუ, რამდენი აკვანი გამოვთალე და სულ რომ მეკითხებიან სოფელში ბერიკაცები, ვუპასუხებდი კიდეც... მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბაბუ... რაც გამოვთალე და გავაკეთე, ყველა სიყვარულით და სითბოთი მიკეთებია... სულ იავნანას დავამღერებდი ხოლმე და ასე მგონია, ესმოდათ კიდეც ჩემი ამ დალოცვილებს... ანგელოზებისთვის ვაკეთებდი და ანგელოზები მეხმარებოდნენ... ისე მიხაროდა, ბაბუ, ჩემს ჭიშკართან რომ კაცი დაიძახებდა, აკვანი უნდა შეგიკვეთოო, ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავდა... უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, რომ შენთვისაც ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს აკვანი... აბა, ქალაქში ნაყდი აკვანი ბაბუ რა იქნება... ქალაქში გაზრდილი ხეც არ ვარგა... სხვა მადლი აქვს ჩვენს ხეებს... შენს შვილიშვილებს ეყოფა ეს აკვანი, ისეთი ხისგანაა გამოყვანილი... რამდენი შაირის მოყოლება ვიცი ხოლმე...
ახლა მატარებელი გუგუნით უახლოვდება დედაქალაქს... ჩემი გამოყრუებული დედაკაციც გვერდში მიზის... მეტი ჩვენ ვეღარ შევძლებთ მგონია, რომ ჩამოვიდეთ ქალაქად... ესეც რომ არ იყოს, მეთექვსმეტე სართულზე რა ამიყვანს კიდევ ერთხელ, ბაბუ... სად შეუძლია ცაზე სიარული ჩვენს ბებერ მუხლებს... გენაცვალე შენ ბაბუ... შენ მომეცი ახლა ამის ძალა, რომ ისევ დავდგომოდი ამ გრძელ და ხმაურიან გზას...
ჩვენი ადესაც აქვე მიდევს და ალბათ მამაშენს ერთი სული აქვს, ყელს როდის გაისველებს ჩვენებური ღვინით... კი იქნება ახლა ქეიფის ხასიათზე... ვარია შევწვით... აბა მანდ შემწვარი ქათამი რა მისართმევია სტუმრებისთვის... სულგუნიც კი გამოიყვანა თავისი მიმჭკნარი ხელებით ბებიაშენმა... და ზედ ჯვარი გამოსახა შენს სახელზე, ბაბუ... შოთი პურები ვარ გამოვაცხვეთ, მარა არ გეწყინოს... დაბერდა ბებიაშენი და ძალა აღარ აქვს... აპატიე, ბაბუ.
ისე მიცემს გული, ამ მატარებლის გუგუნშიც კი მესმის ხმა მკერდიდან... როდის გნახავ და შეგავლებ თვალს, ჩემო თვალხატულა... აი გაჩერდა მატარებელი და ამ წერილის წერას თავს ვანებებ, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, მაგრამ დამთავრდა გზა და არაა ჩემი ბრალი... არა უშავს, ცოტას აქითობას მოგწერ, ბაბუ, კიდევ''...
“ტკივილით და სევდით მაქვს, ბაბუ, გული სავსე... როგორღაც ამოვბობღდით მეთექვსმეტე სართულზე მე და ბაბებიაშენი, სული ძლივს ამოვიტანეთ... მარა რათ გინდა... ჩავამწარა სიხარული დედაშენმა და მამაშენმა. მე იმ დახვედრას და მიღებას არ ვჩივი, ბაბუ, მაგენმა რომ იციან... რა ეშმაკი გამაჩერებს ამ ციხეში, ძალიანაც რომ შემეხვეწონ... მაგრამ შენი კოცნის უფლება კი მქონდა ბაბუკელა... რამდენჯერ სიზმარში დამსიზმრებიხარ... რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი...
ბევრი რომ არ მოგაბეზრო თავი, წუხელ შუაღამეზე დედაშენის და მამაშენის ჩხუბმა გამაღვიძა... ისეთი გაბრაზებული იყო დედაშენი, თითქოს კეთროვნები ვყოლოდით სახლში. მამაშენს უჩიოდა, რა უნდოდათ, რომ ჩამოვიდნენ... ვერ მოესწრებოდნენ, ჩვენს ჩასვლას და ნახვასო?ეს ეშმაკის მოგონილი აკვანი რომ ჩამოათრიეს, სირცხვილით თავი სად გამოვყოო ახლა... რა დროს ასეთი სისულელეებია... მაგაში ჩავაწვენ ახლა ჩემს ნანატრ შვილსო? მომაცილე, თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ იცოდეო... მამაშენი კი ეუბნებოდა რაღაცას, მაგრამ მე მეტი არაფერი გამიგონია... გული ხელით მეჭირა და გათენებას ასე დაველოდე... მოვკიდე დილას ხელი ჩემს დედაკაცსა და აკვანს და უსიტყვოდ წამოვედი... ისიც კი ვერ მოვახერხე, შენთვის მეკოცნა... წვერები გაგეპარსა მაინცო, დედაშენმა... ვერ დავიმახსოვრე შენი სახე, ბაბუ... რომ სიზმარში მაინც დამსიზმრებოდი... მე მანდ რა გამაჩერებდა.. .ვზივარ ახლა ამ ვაგონში და ვუსმენ ბებიაშენის ქვითინს. ვიღაცამ მკითხა, შვილები არ გყავთო... დედაკაცმა იმთავითვე უპასუხა: –არაო, და გული ჩამწყდა... თითქოს მეხი დამეცა მკერდზე და ჩაიტანა ჩემი გულ-მკერდი ქვესკნელში... ამ აკვანს კი ვაჩუქებ სოფელში ვინმეს, თუ სადმე ერთი ბავშვი დაიბადება, მაგრამ მე ხომ ის შენი სიყვარულით გავაკეთე... მინდოდა შენ დგეძინა და ჩემი ლოცვა-მადლი დაგფენოდა სასთუმალთან, ბაბუ... არასოდეს არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანები მგლები არიან და ცხვრად ნუ მოაჩვენებ თავს, თორემ შეგჭამენ, ბაბუ... დაუნდობლად შეგჭამენ... მიყვარხარ, ბაბუ... ნეტა ისეთი ქალი დადგებოდე, ჩემს საფლავთან მოსული ამას ჩამომძახებდეს, რა შვილიშვილი გაგეზარდა, ამირანო... მაგრამ მე ორი პარასკევი მიკლია და ალბათ ორ პარასკევში ეს არ მოესწრება... უფალს ებარებოდე, ჩემო მესისხლევ... გენაცვალოს შენი ბაბულია".
1982წ, 25 აპრილი...
ეს წერილი რომ წავიკითხე, დედაჩემი მძიმედ იყო ავად,არც კი ვიცი, რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა სინანულის გამო... მაგრამ მე ვიცი, რომ ასეთი საქციელი ადამიანს ოდესმე ახსენებს თავს და თვითგვემაში ვარდება... სწორედ ასე იყო დედჩემიც... უკურნებელ სენს ებრძოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის... ცდილობდა ამქვეყნიური ცოდვები მოენანიებინა და სულ ლოცვაში ატარებდა დღეებს... და როცა დედა აღარ იყო, მისგან დატოვებული ასეთი წერილი მივიღე:
,,ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას... შეხედე შენს თავს სარკეში, და რაც ჩემი მსგავსი დაინახო, დაასამარე... წაშალე და დაივიწყე, შვილო... შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს... მის ლამაზ სულს და ეცადე, ამ სულით იცხოვრო... გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე, ვიდრე სხვას ატკინო... არ მისცე თავს უფლება, ჩემი გენი დაგეპატრონოს... ებრძოლე ჩემს ცუდს შენში, შვილო... და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის... ილოცე, გთხოვ"
მას შემდეგ წლები გავიდა... როგორც იქნა, ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი... ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი... მეუღლე სიხარულით ცას ეწია, სახლის სხვენი გამოაღო... გამიკვირდა, იქ რას ეძებს-მეთქი... სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე... სახტად დავრჩი... მითხრა, ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს, როგორც ნამდვილი ქართველიო... მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო. გამეცინა... რა დროს აკვანია, საიდან მოიტანე... ან სად ნახე-თქო...სიტყვა ბანზე ავუგდე... ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა, მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო... გავშრი... მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ, დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს.
ავტორი: ანა ლაშხელი ონიანი

Friday, October 5, 2018

სიყვარულია ერთად-ერთი შემოქმედებითი ძალა




კოლეჯის ერთ-ერთმა მასწავლებელმა, სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს სთხოვა წასულიყვნენ ბალტიმორში, ღარიბების უბანში და გამოეკვლიათ 200 ახალგაზრდის მდგომარეობა. მათ ასევე დაავალა, ჩაეტარებინათ კვლევა ამ ბავშვების სამომავლო პერსპექტივაზე. ყველა სტუდენტმა ერთნაირად დაწერა, რომ მათ „არ გააჩნდათ განვითარების არანაირი საიმედო მომავალი“.
25 წლის შემდეგ, სოციოლოგიის სხვა პროფესორს, შემთხვევით ხელში ჩაუვარდა ეს კვლევა. მან კი თავის მხრივ, თავის სტუდენტებს დაავალა გაეგრძელებინათ კვლევა-ძიება, თუ როგორ წარიმართა ამ ბავშვების მომავალი.
25 წლის წინ გამოკითხული 200 ახალგაზრდიდან გამონაკლისი იყო 20, რომელთაგან ზოგი უცხოეთში იყო ან გარდაცვლილიყო, დანარჩენი 180-იდან კი, რომელიც იპოვეს სტუდენტებმა, 176 წარმატებული ადვოკატი, ექიმი ან რომელიმე პროფესიის მატარებელი იყო, და ყველანი კი, იყვნენ არა საშუალო დონის, არამედ საშუალოზე მაღალი დონის პროფესიონალები.
სასიამოვნოდ გაკვირვებულმა პროფესორმა გადაწყვიტა კიდევ უფრო სიღმისეულად გაეგრძელებინა კვლევა. საბედნიეროდ ყველა ვისაც ეს კვლევა ეხებოდა ცოცხალი იყო, და შეეძლო ესაუბრა თითოეულთან ცალ-ცალკე და მათთვის ეკითხა:
„რას უკავშირებ შენს წარმატებას?“.
ყველა შემთხვევაში, პასუხი დიდი გრძნობითა და პატივისცემით იყო თქმული.
„ჩემს მასწავლებელს“.
კოლეჯის პროფესორმა გადაწყვიტა ენახა უკვე ასაკში მყოფი მასწავლებელი. ჰკითხა ასაკოვან მასწავლებელს, თუ რა იყო ის ჯადოსნური რეცეპტი რომელიც მან გამოიყენა ამ ბავშვების, გაჭირვებიდან ამ მდგომარეობამდე მისაღწევად.
მასწავლებლის თვალებში სინათლე გამოჰკრთა და მისმა ბაგეებმა, ტუჩებზე ღიმილმოცულმა სიხარულით წარმოსთქვა: „ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ მიყვარდა ეს ბავშვები“ – უპსუხა მასწავლებელმა.
ბერძნულიდან თარგმნა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა ლევან ბუკიამ

Tuesday, March 13, 2018

იმედი




იმედის გარეშე ამქვეყნად ადამიანი არ არსებობს. ყველა ადამიანი იმედოვნებს. იმედოვნებენ ვიდრე ცოცხლები არიან. რა არის იმედი და საიდან ჩნდება ის? _ იმედი ჩნდება კაცისა და ღმერთის ურთიერთობაში, იმ მიზეზით რომ ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს. ცხადია, ღმერთი ყველგან არის, არსებობს ყველასთვის სამყაროში და იცავს მის მიერ შექმნილ ქყვეყნიერებას.
ყველა კაცის იმედი ეფუძნება ქმნილ სინამდვილეს და უძლურია გასცდეს სიკვდილის საზღვრებს. ქრისტიანული იმედი ეფუძნება ღმერთის უქმნელ საჩუქარს, ძღვენს, რომელიც ქრისტეს მიერ ენიჭება ადამიანებს. ამიტომაც გადადის, სცდება სიკვდილის საზღვრებს და წინაურდება ჭეშმარიტ სიცოცხლეში. ამ კრიტერიუმით პავლე მოციქული გამოარჩევს იმედით სავსე ქრისტიანებს, რომლებიც განსხვავდებიან მათგან,  რომელთაც არა აქუს სასოებაი(1თეს.4,13./ეფ.2,12).
საფუძვლიანი იმედი სიცოცხლეში ღმერთისადმი ნდობით არის ნასაზრდოები. აზრი და მიზანი ამქვეყნიური ცხოვრებისა მდგომარეობს ღმერთში. სამყარო, რომელიც წყვეტს ადამიანს ღმერთისგან, იმავდროულად წყვეტს ცხოვრების აზრისა და მიზნისგან. იმედით კი ადამიანი დგას მყარად და სტაბილურად. როგორც შენიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი: ღმერთის იმედით ყველაფერი გვარდება.
ქრისტიანი, ღმრთის იმედით გვერდს უვლის დროებითს და წარმავალს და მიემართება მარადიულისკენ, ამ გზით იმარჯვებს სამყაროში არსებულ სირთულეებზე და დაბრკოლებებზე და მონაწილეობს საღმრთო მეუფების სიხარულში. როდესაც ეს იმედი მთავრობს გულში მაშინ ხდება ლოცვა. იმედი აცოცხლებს ქრისტეს აღდგომაში თანამონაწილეობას, რომელიც ცხოვრებას ახალ შინაარსს აძლევს. ქრისტეს აღდგომის რწმენა ქრისტიანული ქადაგების არსს წარმოადგენს, ხოლო ადამიანის მონაწილეობა მასში საშუალებაა ამ რწმენის განხორციელებისთვის.
იმედი უწყვეტად უკავშირდება და ემყარება რწმენას. იმავდროულად იმედი აძლიერებს და აცოცხლებს რწმენას. ხოლო არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა. (ებრ.11,1).
როგორც რწმენა ასევე იმედი ქრისტიანისა უკავშირდება ქრისტეს. ქრისტე კი ჩვეულებრივ არ ხასითდება როგორც რწმენა, არამედ როგორც იმედი ქრისტიანეთა. უფლისა იესუ ქრისტეს, სასოებისა ჩუენისაითა“.  (1ტიმ.1,1). 
ასე ხდება რადგან სისრულე ქრისტიანული ცხოვრებისა მომავლში სრულდება, მომავალს მიემართება.
თუკი ქრისტიანის ცხოვრება არ ემყარება მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, მაშინ, როგორც პავლე მოციქული ამბობს:
უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთაისა ვართ. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. (თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველი.) (1კორ. 15,19-20).
იმედი ორგანულად უკავშირდება სიყვარულს. საფუძველი მისი არის ღმერთის სიყვარული, რომელშიც მონაწილეობს მორწმუნე სულიწმიდის მადლით:
ხოლო სასოებამან არა არცხვინის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაი განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.  (ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, რადგან ღმრთის სიყუარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.) (რომ.5,5).
ღმერთის სიყვარული იწვევს ადამიანს საპასუხო სიყვარულისკენ. ეს საპასუხო სიყვარული რომელიც იბადება რწმენით, იზრდება იმედით. რამდენადაც იზრდება, ძლიერდება იმედი ღმერთისამი, იმდენად იერდება სიყვარული მისადმი. ღმერთისადმი სიყვარულიდან იწყება ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი.
სიმტკიცეს იმედში თან სდევს განწმენდა და კურთხევა. ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაი ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თვისი, ვითარცა იგი წმიდა არს. (ყოველმა, ვისაც მასზე აქვს სასოება, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.) (1ინ.3,3).
ის ვისაც იმედი აქვს ღმერთისა და სურს რომ მას მიუახლოვდეს, მიილტვის სიწმინდისაკენ და სათნოებებში რჩება. სათნოებების მიზანს კი წარმოადგენს ცნობიერი სწრაფვა იმედის სიმტკიცეში. ძირითადი მახასიათებელი ადამიანის სიწმინდისა არის ღმრთის შიში, რომელიც სხვაგვარად წარმოადგენს საწყისს ყოველი სათნოებისა. უმაღლესი სათნოება სიყვარულისა კი, რომელიც მოიცავს იმედს, იბადება ჯანსაღი შიშისგან და საბოლოოდ ჯობნის და აუჩინარებს შიშს. (სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი).
ადამიანს, ცხოვრების სწორი განსაზღვრისათვის, ცხოვრების მოწესრიგებისათვის, სჭირდება გამბედაობა. ესეც  ერთ-ერთ ქრისტიანულ სათნოებას წარმოადგენს. იგივე ქრისტე მოუწოდებს მორწმუნეებს რომ ჰქონდეთ გამბედაობა და სწამდეთ გამრჯვებისა სამყაროზე, სოფელზე, რომელიც მან, ქრისტემ უპირველესად აღასრულა როგორც კაცმა:
ამას გეტყოდე თქუენ, რაითა მამაი ჩემი ჩემ თანა არს. ამას გეტყოდე თქუენ, რაითა ჩემ თანა მშვიდობაი გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“. (ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით: მე ვძლიე სოფელს.) (ინ.16,33).
გამბედაობის გარეშე არ მიიღწევა გამარჯვება სულიერ ბრძოლაში, როგორც ასევე სხვა ნებისმიერ ბრძოლაში. სიმხდალე, ლაჩრობა და გაუბედაობა უძღვის კაცს გაორებისა და უიმედობისკენ.
იმედს სჭირდება მოთმინება. ეს ძალაშია ნებისმიერი იმედისთვის, რომელიც გვირგვინდება ქრისტიანული იმედით, რომელიც: ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით. (რომ.8,25).
სხვაგვარად, ერთ-ერთი უძირითადესი ნიშანი ქრისტიანისა ეს არის მოთმინება ცხოვრების სიძნელეებში.
აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაი, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაი, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა(ებრ.12,1).
და აქ არის უმთავრესი კრიტიკული მომენტი. დღეს ადამიანი შორდება და გაურბის მოთმინებას. არ სურს რომ მოითმინოს, არც სურს რომ ხშირად ახსოვდეს. ყველაფერი სურს ადვილად და მალე. მისი კავშირი წარსულთან ხდება უბრალო რომანტიკით დაკავება და მისი კავშირი მომავალთან კი ხანმოკლე კეთილდღეობა. ამიტომაც ანგრევს წარსულს, არ აინტერესებს მომავალი და ცდილობს რომ შექმნას ფართო და ნათელი აწმყო.
ადამიანის იმედი, რომელიც დაუკავშირდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას მეოცე საუკუნეში, გაწყვიტა მისი ინტერესი აწმყოსთან და ყველაფერი დაუკავშირა მომავალს, სადაც იმედოვნებდა ყველა არსებული პრობლემის გადაწყვეტას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. რაზეც იმედოვნებდა ადამიანი, დაიწყეს იმედის გაცრუება. ადამიანი გრძნობს, რომ არის გამოუვალ მდგომარეობაში. გადაშვებულს ქვეყნიურ ცხოვრებაში არ შეუძლია, იმედი ჰქონდეს, ან მას უყურებს როგორც მტანჯველ ძალას და სურს მისგან გათავისუფლდეს. მაგრამ, იმედის დამარცხების დროს ადამიანი ვარდება უიმედობაში.
უიმედობა ეკლესიის სწავლებაში განიმარტება როგორც დემონური ძალა, განწყობა, რომელიც განადგურებისკენ უძღვის ადამიანს. ის ცნობილია ეშმაკისთვის. მას სწამს: ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწნიან მისგან(იაკ.2,19). მაგრამ არა აქვს იმედი. უიმედობა არის გაგრძელება ღმერთისგან დაშორებისა. არსებობს იმედიანი უიმედობაც. ქრისტიანი, რომელიც ხედავს თავის მდგომარეობას, რომლისკენაც უწინამძღვრა ცოდვამ, მაგრამ ამავე დროს ხედავს მის შეზღუდულ ძალებს, უიმედოდ ეწყობა საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ არ ჩერდება აქ, არც კლავს იმედს და იმედი აქვს ღმერთისა. ეს იმედი კი ბადებს სინანულს და გამოდის ნელ ნელა უიმედობიდან. ამდენად საკუთარი თავისადმი უიმედობა გადადის სინანულში და ღმერთის იმედში. ნიშანდობლივია რომ ყოვლადწმიდა იწოდება იმედად სასოწარკვეთილთა და არა იმედიანთა. ისინი, რომლებიც საკუთარი თავის იმედად არიან, განწირულები არიან უიმედობისკენ, სასოწარკვეთილებისკენ. ისინი კი, რომლებიც უიმედოდ არიან საკუთარი თავის მიმართ, შეუძლიათ იპოვონ, ნამდვილი, უტყუარი, ჭეშმარიტი იმედი. იმედი, რომელიც ემყარება ყოვლადწმიდასა და ქრისტეს რწმენას.
            წმიდა სილუანი ამბობს: შენს გონებაში გქონდეს ჯოჯოხეთის ხსოვნა და ნუ ჩავარდები უიმედობაში. ადამიანს უიმედობის განცდა ამსხვრევს და ანადგურებს. და ჯოჯოხეთის ხსოვნა კი გონებაში ადვილად უძღვის უიმედობისკენ. სიყვარულის ხსოვნა და ღმერთის სახიერება, სულგრძელება არ ტოვებს მას, რომ სასოწრკვეთილი დარჩეს. უიმედოა საკუთარი მესგან. მაგრამ ცდილობს, გადარჩეს, ვიდრე მისგან იქნება განადგურებული. ასე, ღმერთის განკითხვის აწონ-დაწონვით ადამიანი აქრობს ვნებებს და ბოროტ ზრახვებს, არის მხნედ და აქვს იმედი საღმრთო კაცთმოყვარეობისა.


ლევან ბუკია